გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სია ცნობილია.
ჟიურიმ გრძელ სიაში წარმოდგენილი 33 ნაწარმოები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასა: ნაწარმოების შესაბამისობა ლიტერატურული პრემიის კონცეფციასთან, მისი გავლენა საზოგადოებაში ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეების სულისკვეთების განვითარებაზე და ტექსტის მხატვრული ღირებულება.
ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სიაში შემდეგი ნაწარმოებები მოხვდა:
- ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, ინტელექტი, 2021
ნინო სადღობელაშვილის მცირე რომანი „დაბადების დღე“ ტყუპი ძმების, სანჩოს და ალეს საიდუმლო მოგზაურობის ამბავს გვიყვება. ავტორს „საგზაო“ რომანების (და ფილმების) ჟანრი ქართულ ნიადაგზე წარმატებით გადმოაქვს. რომანი მრავალპერსპექტივიანია, მთავარი მთხრობელები თავად 15 წლის ტყუპები არიან, რომლებიც საკუთარ დაბადების დღეზე შინიდან გაქცევით მხოლოდ ზღვის ნახვას კი არ ესწრაფვიან, არამედ დევნილობის აუტანელი ყოფისგან თავის დაღწევასაც ცდილობენ. მათ თხრობას ენაცვლება ბიჭების დაკარგვის გამო დაწყებული გამოძიების მოწმეთა ჩვენებები. კომპოზიციურად დახვეწილ და სტილისტურად მრავალფეროვან რომანში ახალგაზრდული პერსპექტივა და სლენგი, გამომძიებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების და ფსიქოლოგების პროფესიული ჟარგონი, სხვადასხვა დიალექტები და სოციოლექტები არა მარტო ერთმანეთის გვერდი–გვერდ გვხვდება, არამედ ერთმანეთთან დიალოგში ექცევა. მონაცვლეობითი თხრობის ამ ფორმით ავტორი გვიჩვენებს დევნილი ბავშვების ტრავმებს, განცდებს, ტკივილს, სურვილებს, სიყვარულსა და ოცნებებს, რომლებიც სხვებისთვის – თვით მათი მშობლებისა და მეგობრებისთვისაც კი უჩინარია. მიუხედავად იმისა, რომ დევნილობა თითქოს არ არის რომანის მთავარი თემა, ავტორი ოსტატურად ახერხებს ამ ასპექტის რომანის შემკვრელ ტრაგიკულ კონტექსტად გადაქცევას.
- ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“, ინტელექტი, 2020
ივა ფეზუაშვილის მრავალპლასტიანი რომანი „ბუნკერი“ ყარაბაღის ომის დროს ბაქოდან თბილისში გამოქცეული სომეხი ოჯახის ოთხი წევრის ცხოვრებაში ერთი დღე–ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და დღევანდელ რეალობას, შესაბამისად, ოთხი განსხვავებული პერსპექტივით გადმოსცემს. შემთხვევითი არაა, რომ ეს დღე 9 აპრილია – თარიღი, რომელიც ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში თავისი ტრაგიკულობით ჩაიბეჭდა, კონკრეტული ინდივიდისთვის კი შეიძლება სრულიად განსხვავებული მოგონებებით იყოს დატვირთული.
უაღერესად საინტერესო, მწარე იუმორითა და დახვეწილი, სადა ენით მოყოლილი ამბავი, რომელიც შინაგანი მონოლოგივით სწრაფად მიედინება, საქართველოს თუ კავკასიის პოსტსაბჭოთა ხრწნადი მენტალიტეტის და მისი თანმდევი ბუტაფორიული დემოკრატიის სარკეა. უკანასკნელი 30 წლის მოვლენების ფლეშბექები და მათი შედეგები იმდენად მძაფრად და უკომპრომისოდ აშუქებს ჩვენს ყოფას, რომ ბუნკერის ტოქსიკურ სიმყრალეს კითხვისას თავადაც შეიგრძნობ. ავტორი გაბედულად აღწერს იმ უბედურებას, რომელიც მოჰყვა ბოლო წლების ევოლუციას – ჰომო სოვიეტიკუსიდან– ჰომო ცეხავიკამდე, ჰომო–ცეხავიკიდან – ჰომო კაი ბიჭამდე, ჰომო კაი ბიჭიდან – ჰომო ბაბულიკამდე და ჰომო ბაბულიკიდან – ჰომო რეივერამდე. წიგნში სიმპტომატურად ვხვდებით ჩვენი საზოგადოების ავთვისებიან მეტასტაზებს, სხვადასხვა ფობიებსა და შიშებს ყოველივე განსხვავებულისა და უცხოს მიმართ, რაც, უპირველეს ყოვლისა, გაუნათლებლობის შედეგია. როგორც ჩვენი განსხვავებული გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას კონკრეტული თარიღების მიმართ, ისევე განსხვავებულად ხდება საზოგადოების მიერ ისტორიული მოვლენების აღქმა – უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ვიწრო, საკუთარი ჭრილიდან.
- ლადო ფოჩხუა, „ენიკი ბენიკი“, ინდიგო, 2020
სოხუმის დაცემის შესახებ არაერთი ტექსტი წაგვიკითხავს, მაგრამ ლადო ფოჩხუას „ენიკი ბენიკი“ ალბათ, ჯერჯერობით, ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომლის მთხრობელი „მე“ კონფლიქტის არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს არ წარმოადგენს. ეს წიგნი ერთი სოხუმელი ბიჭის ბედნიერი ბავშვობის და სიყმაწვილის ამბავია, ყოველგვარ სენტიმენტსა და პათოსს მოკლებული. ცხოვრება მას სულ სხვანაირად წარმოედგინა – დიდ თავგადასავალზე ოცნებობდა, ომმა კი აიძულა, სახლი მიეტოვებინა და უცხო გზას დადგომოდა. სწორედ გზაში, ჯერ სოხუმიდან ფოთისკენ მიმავალ გემზე და შემდეგ ფოთიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებელში ცდილობს გაერკვეს მის თავს დატეხილ გაუგებრობაში, ახალი სტატუსით: ლტოლვილი. ფოჩხუას ოსტატურად შესრულებული იმპრესიონისტული ტექსტი არ მოგვითხრობს მხოლოდ ერთი ქალაქის და ერთი ომის შესახებ. ეს არის წიგნი, რომელსაც არ სჭირდება ომის ძალადობრივი და დრამატული სცენების აღწერა, რომ გადმოგვცეს კონფლიქტში ჩათრეული ადამიანების ცხოვრებისეული ტრაგედიის სიღრმე, მათი სევდა და შიში, გაუფასურებული სიცოცხლის, დაპატარავებული სამყაროს, დახურული ჰორიზონტის სიცარიელე, ბოროტისა და კეთილის გარჩევის შეუძლებლობა.
ჩინებულად დაწერილ რომანში, თავად ქარგის გარდა, ყურადღებას ყოველი პროტაგონისტი იპყრობს – ისინი კი მრავლად არიან და მკითხველს არცერთი არ რჩება შეუმჩნეველი. ნაწარმოებში ბევრი ლიტერატურაა, ბევრი ხელოვნება, ბევრი მუსიკა – ყველაფერი, რაც არამარტო მთხრობელის სამყაროს, არამედ მთელი დიდი ეპოქის დასასრულის საუკეთესო სურათს იძლევა.
∗ ∗ ∗
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ მიენიჭება ავტორს საუკეთესო გამოქვეყნებული ნაწარმოებისთვის, რომელიც ასახავს ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას; ეხმაურება ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს და გამყოფი „კედლების ნგრევის“ სულისკვეთებას.
ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს 2021 წლის 29 სექტემბერს.
ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრები არიან: ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე), მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი).
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ქართული ლიტერატურული ინიციატივა დიდ მადლობას უხდიან ყველა ავტორს და გამომცემლობას კონკურში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, ჟიურის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის.