კონრად ადენაუერის ფონდი, ქართული ლიტერატურული ინიციატივა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აცხადებენ მოთხრობების კონკურსს ახალგაზრდა ავტორებისთვის.
პროექტის კონცეფცია
პროექტის მიზანია ქართულ–აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობით ისეთი ნაწარმოებების შექმნა, რომლებიც აჩვენებს პოლიტიკისგან თავისუფალ დამოკიდებულებას ერთმანეთის, სამშობლოს და დღევანდელი დღის მიმართ. ახლა სადა ვართ, რა გვაკავშირებს, რა გვამსგავსებს ან განგვასხვავებს? ახალი თაობის რეფლექსიები, გულწრფელი შეხედულებები, მეხსიერება, გამოცდილება ან სულაც წარმოსახვით შევსებული ინფორმაციული ვაკუუმი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ერთმანეთის უკეთ დანახვაში, ხმის მიწვდენასა და გაცნობაში. როგორია აფხაზეთი დღეს ჩვენთვის, რითი ცხოვრობენ იქაური თანატოლები, რა კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულეების მატარებლები არიან, რა სურთ და რა უხარიათ, როგორია ასე ახლო და თან შორეული გეოგრაფიული წერტილი არა რუკაზე ან ოფიციალურ დოკუმენტებში, არამედ მათ გონებსა და გულებში. მხატვრული ლიტერატურა ადამიანს სწორედ ამ მოგზაურობის თავისუფლებას ჩუქნის და ხშირად დოკუმენტურ, ისტორიულ ლიტერატურაზე არანაკლებ ზუსტად ასახავს ეპოქას.
კონკურსის „სუფთა ფურცელი“ მიზანია შეირჩეს საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც კრებულად გამოიცემა ქართულ და აფხაზურ ენებზე.
პროექტის აღწერა
- პროექტის I ეტაპზე წარმოდგენილი მოთხრობების მიხედვით ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნამუშევრებს.
- პროექტის II ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტებს პროექტის მენტორი, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, ჩაუტარებს სამუშაო შეხვედრებს. დამატებითი შეხვედრები გაიმართება აფხაზურ–ქართულ საკითხზე მომუშავე მოწვეულ ქართველ ხელოვანებთან.
- პროექტის მენტორი შესაბამის რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემს ახალგაზრდა ავტორებს ტექსტების საბოლოო ვერსიების მოსამზადებლად.
- პროექტის III ეტაპზე, დასრულებული ტექსტების მიხედვით, განისაზღვრება კრებულში შესატანი მოთხრობების საბოლოო სია.
- პროექტის ფარგლებში მომზადდება ინტერვიუს ფორმატის ვიდეორგოლი მოთხრობების ავტორებისა და მენტორის მონაწილეობით, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გაგვიაიზრონ პროექტის და საკუთარი ნაწარმოებების შესახებ. ვიდეო რგოლს დაერთვება სუბტიტრები აფხაზურ ენაზე და გათავსდება სოციალურ ქსელში.
- პროექტის დასრულების შემდეგ, მოთხრობები გამოიცემა ქართულ და აფხაზურ ენებზე.
- შერჩეული მოთხრობების ავტორებს გადაეცამათ საავტორო ჰონორარი 500 ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო კრებულის გამოცემის შემდგომ, წიგნების სასაჩუქრე ეგზემპლარები.
განაცხადების წარმოდგენის პირობები
- განაცხადების მიღების პერიოდი: 2021 წლის 1 აპრილიდან 1 ივნისამდე;
- პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევთ 17-იდან 27 წლამდე ახალგაზრდებს.
- პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@literature-initiative.ge უნდა გამოაგზავნონ: ა) პროექტის კონცეფციის შესაბამისად ქართულ ენაზე შექმნილი მოთხრობები (სიტყვების რაოდენობა – არანაკლებ 1200 და არაუმეტეს 3000 სიტყვისა; ბ) შევსებული განაცხადის ფორმა.
- მოთხრობები წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილით, შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, დაშორება 1,5.
- მოთხრობების შინაარსი უნდა იყოს თანხვედრაში პროექტის კონცეფციასთან (იხ. პროექტის კონცეფცია) და აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის სულიკვეთებით იყოს განმსჭვალული.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდი
- საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ივნისი.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 20 ივნისისა.
- ავტორების და მენტორის სამუშაო შეხვედრები განხორციელდება წლის 25 ივნისიდან 1 აგვისტოს შუალედში. შეხვედრების განრიგი და სიხშირე განისაზღვრება ავტორებთან შეთანხმებით.
- მოთხრობების საბოლოო ვერსიების დასრულების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აგვისტო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@literature-initiative.ge