ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან ახორციელებს კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“. ილუსტრატორებისა და მწერლებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სემიანარი და ვებინარი, მათ შორის კომიქსების და გრაფიკული რომანების ილუსტრირების, სცენარის წერის, გრაფიკული ჟურნალისტიკის, PR-მარკეტინგისა და საავტორო უფლებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი მწერალი ქალის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ერთობლივი კომიქსის წიგნი, რომელიც ასახავს სომეხი, ქართველი და უკრაინელი ქალების პერსპექტივას ომზე, მის გავლენას საზოგადოების და, კერძოდ, ქალების ცხოვრებაზე.
პროექტში ჩართული მწერლები არიან: ანი ასატრიანი (სომხეთი), ეკატერინე ტოგონიძე (საქართველო) და ვირა კურიკო (უკრაინა). კომიქსებზე მომუშავე ილუსტრატორები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. კომიქსის რედაქტორი კი იქნება მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მწერლებისა და ილუსტრატორების სამუშაო პროცესს.
ანი ასატრიანი [სომხეთი]
ანი ასატრიანი არის დამოუკიდებლობის თაობის მწერალი და “ტექსტის არტისტი”.
მისი პირველი უსათაურო წიგნი “ “ 2014 წელს გამოიცა და წარმოადგენს მოთხრობებისა და ესეების კონცეპტუალურ-დადაისტურ კრებულს. ავანგარდული ლიტერატურის კრებულში შესულია 19-21 წლის ასაკში დაწერილი მოკლე სიურეალისტური ტექსტები. კრებულში მრავლადაა ცარიელი გვერდები წაშლილი ტექსტების იმიტაციისთვის. წიგნის სრული ტირაჟი პრეზენტაციის დღესვე სრულად ამოიწურა, რის გამოც მედიაში კრებული ცნობილი გახდა, როგორც „არასაკითხავი წიგნი“. ანი ფლობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს კულტურულ ანთროპოლოგიაში და თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს. ასევე, დამთავრებული აქვს პორტრეტისა და პეიზაჟის ფოტოგრაფიის, პოეტურ-დოკუმენტური ფილმების რეჟისურის და ციფრული მედია თხრობის მაგისტრატურა – სასექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ასწავლის შემოქმედებით წერას TUMO-ს ტექნოლოგიურ ცენტრში. მისი უახლესი პუბლიკაციები ხელმისაწვდომია მედიუმის მის გვერდზე.
ეკატერინე ტოგონიძე [საქართველო]
ქართველი ჟურნალისტი, ავტორი, ლექტორი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა თბილისში, 1981 წელს. ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურული დებიუტი 2011 წელს შედგა მოთხრობების კრებულით „ანესთეზია“. კრებულმა ქართულ ლიტერატურაში ახალი თემა, საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია შემოიტანა. წიგნს 2012 წელს მიენიჭა „საბას“ ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო დებიუტისთვის.
მას ასევე მოპოვებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის წლის საუკეთესო მოთხრობა (სულაკაურის გამომცემლობის პრემია), საუკეთესო მოთხრობა (ლიტერატურული ჟურნალი) და სცენარის განვითარების კონკურსი (საქართველოს ეროვნული კინოცენტრი). მიღებული აქვს მწერალთა სახლის სამწერლო და ბერლინის ლიტერატურული კოლოქვიუმის (LCB) სარეზიდენციო სტიპენდია.ავტორის თითქმის ყველა წიგნი თარგმნილია გერმანულ ენაზე. ბოლო რომანი “შინ შენ” კი გამოსვლისთანავე გახდა ბესტსელერი. ეკატერინე ტოგონიძის ნამუშევრები ასევე იბეჭდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ჟურნალებში და ითარგმნება ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ და აფხაზურ ენებზე.
ვირა კურიკო [უკრაინა]
ვირა კურიკო უკრაინელი ჟურნალისტი, რეპორტიორი და მწერალია. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებული „ჩართულთა ქუჩა. ფაილი ლუკიანენკოს შესახებ ჩერნიჰივიდან“, ისტორიული არამხატვრული ტექსტი ბავშვებისთვის „მაზეპა. ხმლის უფლება“ და ასევე არამხატვრული – „ჯანმრთელი ადამიანის რეფორმა“.
ვირა კურიკო არის უკრაინული მედია საშუალებების: Reporters, The Ukrainians Media, Lokalna Istoria, Ukrayinskiy Tyzhden და Ukrainska Pravda-ს რეპორტიორი. მისი ტექსტები გამოქვეყნებულია გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ მედიაში. ვირა 2020 წელს ნომინირებული იყო BBC-ის წიგნის ლიტერატურულ პრემიაზე, ამავე წელს მიიღო LitAccent-ის პრიზი და გახდა კონკურსის Chest’ Profesiyi 2020-ის გამარჯვებული ნომინაციაში რეპორტაჟი.
მისი რამდენიმე რეპორტაჟი შესულია რეპორტიორთა ერთობლივ კრებულში – „თებერვლის 77 დღე: ცხოვრება და სიკვდილი უკრაინაში“. 2022 წელს ის მუშაობდა დოკუმენტალისტად The Reckoning Project-ისთვის, უკრაინა მოწმობს რუსული ომის დანაშაულებს უკრაინაში.
მას ასევე ეკუთვნის რეპორტაჟი ჩერნიჰივში საცხოვრებელი უბნის პირველი დაბომბვის შესახებ, რომელიც შევიდა წიგნში „ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღეები“.
მიხეილ ციხელაშვილი, რედაქტორი [საქართველო]
მიხეილ ციხელაშვილი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და კომიქსების რედაქტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კულტურის მენეჯმენტის მაგისტრი). ციხელაშვილი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა სულაკაურის გამომცემლობაში რედაქტორად და საავტრო უფლებათა მენეჯერად. მოგვიანებით ერთი სრული სეზონით არქივის კოორდინატორად შეუერთდა რადიო თავისუფლებას/რადიო თავისუფალი ევროპის გუნდს.
2019 წლის სექტემბერში მისი პირველი რომანის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ ციხელაშვილი გადავიდა თავისუფალ პრაქტიკაზე როგორც მთარგმნელი, მწერალი, სცენარის ხელმძღვანელი და მოხალისე. მისი პორტფოლიო მოიცავს რომანს, მოთხრობების კრებულს, კომიქსებს, რვა თარმნილ წიგნს, ორი ფილმის სცენარსა და ათობით სტატიას. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს პორტოში, პორტუგალიაში.
პროექტის კონსორციუმის განმახორციელებელი პარტნიორები არიან:
“ლიტერატურული ფონდი ARI” (სომხეთი) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სომხური წიგნის ბაზრის განვითარებას, სომხეთში წერისა და კითხვის პოპულარიზაციას, ასევე სომხური ლიტერატურისა და კულტურის წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე. ლიტერატურული ფონდი ARI-ის მთავარი მიზანია მულტიკულტურული დიალოგის წარმოება ლიტერატურის როლის გასაძლიერებლად რეგიონალურ კონტექსტში, რაც სომხეთს აქცევს აქტიურ პარტნიორად ლიტერატურული თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებაში. ლიტერატურულ ფონდ ARI-ს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში, მათ შორის აშშ-ს საელჩოსთან სომხეთში, Calouste Gulbenkian-ის ფონდთან (პორტუგალია), კონრად ადენაუერის ფონდთან, გოეთეს ინსტიტუტთან, ევროკავშირის დელეგაციასთან სომხეთში და ა.შ.
“ქართული ლიტერატურული ინიციატივა” (საქართველო) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააძლიეროს კულტურათაშორისი დიალოგი და განავითაროს ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები, განავითაროს ლიტერატურული პროცესი საქართველოში, განახორციელოს ინიციატივები და პროექტები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გასაძლიერებლად, უზრუნველყოს სადისკუსიო პლატფორმების ორგანიზება ლიტერატურული და სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლებისთვის. ქართული ლიტერატურული ინიციატივა მუშაობდა ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა კონრად ადენაუერის ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საელჩო საქართველოში და სხვები.
გამომცემლობა “კომორა” (უკრაინა) დაარსდა 2013 წელს. გამომცემლობის დევიზია “მხოლოდ ის, რაც რჩება”, რომელიც ასახავს „კომორას“ პოლიტიკასა და ბიზნეს სტრატეგიას: გამოსცემს მაღალი ხარისხის ბეჭდურ წიგნებს, რომლებიც განკუთვნილია პირადი ბიბლიოთეკებისთვის და მკითხველთა რამდენიმე თაობისთვის. ათი წლის მუშაობის შემდეგ „კომორას“ კატალოგი 90-ზე მეტ წიგნს მოიცავს. „კომორა“ გამოსცემს უკრაინულ და მსოფლიო ლიტერატურას, კლასიკურს და თანამედროვეს, როგორც მხატვრულს, ისე დოკუმენტურს. გამომცემლობის მიზანია უკრაინულ აუდიტორიას გააცნოს ყურადსაღები და არა ფართოდ გავრცელებული სახელები, მოვლენები და ტენდენციები, რაც ხელს უწყობს კითხვის ეროვნული სტანდარტების განვითარებას. „კომორა“ მუშაობს პროექტებზე ჩვენი დროის ინტელექტუალებისთვის.
პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებია: სულაკაურის გამომცემლობა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები “საბა”, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, გამომცემლობა EDGE, ერევნის წიგნის ფესტივალი, კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი “არსენალი”, Radio Kultura, Chytomo.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ გრანტის ფარგლებში.
#readgreen